შეხვედრა ოსლოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, 6 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“, რომელსაც ოსლოს უნივერსიტეტის 80 სტუდენტი ესწრებოდა.

შეხვედრა ჩატარდა ოსლოს უნივერსიტეტის სტუდენტების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც მიზანად ისახავდა საქართველოში მიმდინარე პროცესების გაცნობას საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში.

შეხვედრა გაიხსნა საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას მისალმებით. პანელურ დისკუსიას მოდერატორობას უწევდა დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი, ელჩი, ნიკოლოზ რთველიაშვილი. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბუჯიაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე ისაუბრა. ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, ბატონმა თორნიკე ფარულავამ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი და უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილა. უკანასკნელი პანელი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ნინო ბერიკაშვილმა აუდიტორიას კონფლიქტის ძირითადი ასპექტები გააცნო და მის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

დისკუსიის დასასრულს კითხვა-პასუხის სესია გაიმართა.

ნორვეგიელ სტუდენტებთან ერთად, დისკუსიას ესწრებოდნენ საქართველოში ნორვეგიის სამეფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, მრჩეველი,  მარკო სოლდიკი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.