საქართველო – გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და ჰანს – დირიხ გენშერის ვიზიტის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება
2022 წლის 13 აპრილს აღვნიშნავთ გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს 13 აპრილს დიპლომატიური ინსტიტუტისა და Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი ორგანიზებით, გაიმართა საქართველო – გერმანიას შორის ურთიერთობების აღდგენისა და ჰანს-დიტრიხ გენშერის ვიზიტის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია: „ 30 წელი ჰანს-დიტრიხ გენშერის ვიზიტიდან: გერმანია, საქართველო და ევროპა, როგორც ერთი მთლიანი“.
პანელის მომხსენებლები იყვნენ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი ელჩი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰანს-დიტრიხ გენშერის ბიუროს ხელმძღვანელი, თომას მატუსეკი.
პანელურ დისკუსიას მოდერატორობა გაუწია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, თამარ წულეისკირმა.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში.
„იმ ურთულეს წლებში, ჩვენი ქვეყანა პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამდა საერთაშორისო ასპარეზზე, რათა გამხდარიყო საერთო ევროპული ოჯახის ნაწილი. გერმანიის მხარდაჭერა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის პერსონალური ჩართულობა იყო უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი, განსაკუთრებით იმ როლის გათვალისწინებით, რომელიც გერმანიამ, უკანასკნელი 200 წლის მანძილზე საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე შეასრულა, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, თუ კულტურული განვითარების საქმეში. მადლიერნი ვართ, რომ გერმანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ისევე, როგორც ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური მიზნების მტკიცე მხარდამჭერია.“ – თეიმურაზ ჯანჯალია
“საქართველოს დამოუკიდებლობა, გერმანიის გაერთიანება, ურთიერთაღიარება ერთმანეთთან იყო დაკავშირებული, ეს ერთი დიდი ისტორიული პროცესის ნაწილი გახლდათ. იმ წლებში დასამარდა იმპერიების, დაპყრობებისა და გავლენის ზონების ხანა და დაარსდა უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროპა” – ჰუბერტ ქნირში.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ჰანს-დიტრიხ გენშერის 1992 წლის 12-13 აპრილის ვიზიტის ამსახველი ფოტომასალა.