მრავალმხრივი დიპლომატიის ვორკშოპი

12 და 13 ოქტომბერს დამწყები დიპლომატების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მრავალმხრივი დიპლომატიის ვორკშოპი, რომელსაც უძღვებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაერო-ს სამმართველოს უფროსი, შორენა ხაჩიძე და ამავე დეპარტამენტის ევროპის საბჭოს სამმართველოს უფროსი, ანა დობორჯგინიძე. ტრენერებმა მონაწილეებს გააცნეს საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ კი, გაერო-ს და ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მუშაობის პრინციპები, მათი საქმიანობის უპირატესობები და გამოწვევები.

ვორკშოპის ფარგლებში ასევე გაიმართა ონლაინ შეხვედრა საქართველოს მუდმივ წარმომადგენელთან გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, დავით ბაქრაძესთან, რომელმაც დეტალურად მიმოიხილა გაეროს საქმიანობის სპეციფიკა, ამ კუთხით საქართველოსთვის არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები და მრავალმხრივი დიპლომატიის მნიშვნელობა საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში.