ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტი აზერბაიჯანში
8 ივლისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თინათინ ბრეგვაძემ და ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა, მიხეილ უკლებამ მონაწილეობა მიიღეს სუამის წევრი ქვეყნების დიპლომატიური აკადემიების ხელმძღვანელების შეხვედრაში.
შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს სუამ-ის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური აკადემიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან არსებული სასწავლო ცენტრების ხელმძღვანელთა შორის.
ასევე, გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და აზერბაიჯანისა და მოლდოვის დიპლომატიურ აკადემიებს შორის. ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ინსტიტუტის დირექტორმა, თინათინ ბრეგვაძემ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის მხრიდან – აკადემიის რექტორმა, ელჩმა, ჰაფიზ ფაშაევმა, მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის მხრიდან კი – ინსტიტუტის დირექტორმა, ვიქტორ ტვირკუნმა (Victor Tvircun).