გაიმართა დამწყები დიპლომატებისთვის სერტიფიკატების გადაცემისა და ანალიტიკური პუბლიკაციების წარდგენისადმი მიძღვნილი ღონისძიება

23 დეკემბერს დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა დამწყები დიპლომატების პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემასა და ინსტიტუტის ანალიტიკური ნაშრომების კრებულებთა წარდგენას.

ახალგაზრდა დიპლომატებს პროგრამის წარმატებით დასრულება საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მიულოცა.

“დიპლომატიური კორპუსის პროფესიონალიზმზე ზრუნვა და მათი კვალიფიკაციის ამაღლება დიდი მნიშვნელობის მატარებელია. სავალდებულო დიპლომატიური პროგრამის ამუშავება სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ქვეყნის წარმატებული საგარეო პოლიტიკის ხელშეწყობის მიმართულებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.” -განაცხადა მინისტრმა.

ანალიტიკური სტატიების კრებული “საქართველო და საერთაშორისო პოლიტიკა” მესამე გამოცემა თავს უყრის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატების ნაშრომებს, რომელიც მკითხველს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვასა და სირთულეების გადაჭრის ალტერნატიულ გზებს სთავაზობს.
ანალიტიკური სტატიების კრებული ხელმისაწვდომია დიპლომატიური ინსტიტუტის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

გამოიცა დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი ელჩების მიერ 2021-2022 წელს მომზადებული ანალიტიკური ნაშრომების კრებულის ბეჭდური ვერსია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევების ფონზე ეროვნულ ინტერესებთან თანმხვედრი დასკვნების გამოტანასა და საგარეო პოლიტიკის ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობას.