დიპლომატიური ტრენინგების რიგით 50-ე საერთაშორისო ფორუმი
8-11 ოქტომბერს დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორმა, ირინე დახუნდარიძემ და მისმა მოადგილემ, თამარ მანგოშვილმა მონაწილეობა მიიღეს დიპლომატიური ტრენინგების რიგით 50-ე საერთაშორისო ფორუმში, რომელსაც მონტენეგროს დიპლომატიურმა აკადემიამ უმასპინძლა.
ფორუმი მონტენეგროს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ერვინ იბრაჰიმოვიჩის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა მიმდინარე გამოწვევების ფონზე წარმატებული დიპლომატიის მნიშვნელობას მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.
წლევანდელი ფორუმი მიეძღვნა კომპეტენციების განვითარების მნიშვნელობას დიპლომატების კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებში. ფორუმში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 40 ქვეყნის 80-მა წარმომადგენელმა.
ფორუმის ფარგლებში, დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორმა, ირინე დახუნდარიძემ მოდერატორობა გაუწია ვორკშოპს თემაზე ,,კომპეტენციების მართვა დიპლომატების პროფესიული განვითარების პროგრამებში“, რომელიც კლინგენდაელის აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა.
დიპლომატიური ტრენინგების საერთაშორისო ფორუმი 1972 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება, თანამედროვე დიპლომატიის გამოწვევებისა და მიმდინარე ტენდენციების განხილვის მიზნით.
ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი ფორუმს 2014 წელს შეუერთდა.