ლევან მიქელაძე – გზის გამკვალავი
ხანგრძლივი საბჭოთა პაუზის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოში პირველი საგარეო საქმეთა სამინისტრო 1992 წელს გაიხსნა. ცხადია, მის თავდაპირველ გუნდს გზის გამკვალავის ფუნქცია ერგო – საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა და საერთაშორისო ურთიერთობების აწყობა, მოკავშირეების შემოკრება და მათთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება. შესაბამისად, გამადიდებელი შუშის ქვეშ დიპლომატები აღმოჩნდნენ, რომელთა მოხერხებულობასა და სიზუსტეზეც იყო დამოკიდებული გზის გაკვალვა და, შესაბამისად, გუნდის გამარჯვება. ლევან მიქელაძე მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.
პროფესიით ეკონომ-გეოგრაფი საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპული დეპარტამენტის უფროსად მიიწვიეს. მალე ქვეყნის პირველი პირის, ედუარდ შევარდნაძის აპარატში გადავიდა მრჩევლად და 1994 წელს, ფულბრაიტის სტიპენდიით სტენფორდის უნივერსიტეტში გააგრძელა სტაჟირება. შემდეგ გახდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში, ამერიკასა და მოგვიანებით შვეიცარიაში. იყო საქართველოს წარმომადგენელი გაეროსა და ეუთოში.
ლევან მიქელაძის მუშაობის შედეგი იყო 1996 წლის ლისაბონის ეუთოს სამიტზე იმ დოკუმენტის ხელმოწერა, რომელიც აფხაზეთში „ქართველების მასობრივ განადგურებასა და იძულებით განდევნას“ ასაბუთებდა. 1999 წლის სტამბოლის სამიტზე კი, ისევ ლევან მიქელაძის ჩართულობით, საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანა გადაწყდა. 2002 წელს, როდესაც პანკისში, ჩეჩენი „ბოევიკების“ არსებობის საფუძველზე, რუსეთმა საქართველოზე დარტყმა განახორციელა, სწრაფი და სწორი დიპლომატიური რეაგირების შედეგად ეუთოს საერთაშორისო სასაზღვრო სადამკვირვებლო კომისია შეიქმნა, რომელმაც ქვეყანა ომისგან იხსნა. ლევან მიქელაძის ძალისხმევით განხორციელდა ქართულ-ამერიკული „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“ – ეს იყო პირველი შემთხვევა პოსტსაბჭოთა სივრცეში, როდესაც ყოფილი სსრკ-ის მიწაზე ამერიკელი სამხედროები და ინსტრუქტორები აღჭურვილობით ჩამოვიდნენ და ჩვენმა სამხედროებმა საწვრთნელი პროგრამა ამერიკული სტანდარტებით გაიარეს.
„საჩუქრად ლევან მიქელაძეს, რომელმაც საქართველო ამერიკის პოლიტიკურ რუკაზე გააჩინა“, – სამახსოვრო მინაწერი გააკეთა წიგნზე ზბიგნევ ბჟეზინსკიმ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის მრჩეველმა.
დავით ზალკალიანი, ლევანის კოლეგა:
დიპლომატი, საგარეო საქმეთა მინისტრი
ლევანი ჩემზე 10 წლით უფროსი იყო. 1992 წელს, სულ ახლად ჩამოყალიბებულ სამინისტროში, სადაც ჯერაც მხოლოდ 100-120 თანამშრომელი მუშაობდა. ახლა სადაც სასწავლო ცენტრია, ადრე სასადილო იყო. ყველამ ვიცოდით, რომ დილით მოსულები პირველ რიგში სასადილოში უნდა წავსულიყავით, სადაც პური ტალონებით რიგდებოდა. რთული დრო იყო. სწორედ პურის რიგში გავიცანი ლევანი. პოლიტიკურ დეპარტამენტში საქმიანობდა, სადაც ანალიტიკური უნარის, განსაკუთრებული ხედვის მქონე კადრები ჰყავდათ. 1996-ში ავსტრიაში, ელჩად დაინიშნა და საელჩოში მუშაობა შემომთავაზა. საელჩოს აწყობა საერთოდ ცალკე თემაა. სულ 4-5 ადამიანი ვიყავით, კი, ცოტაა, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს ელჩს, როგორ შეკრავს გუნდს, როგორ გაითვალისწინებს თითოეულის ინდივიდუალობას. კარგი მენეჯერი იყო, საელჩოს დაკომპლექტება ყოველთვის იდეალურად შეეძლო. იმავე წლის დეკემბერში, ლისაბონის სამიტი იგეგმებოდა. თუ ორი წლით ადრე, ბუდაპეშტის სამიტზე, მოვახერხეთ და კარგი შედეგი დავდეთ, როდესაც აფხაზეთში ეთნიკური წმენდა დაფიქსირდა, ახლა, ლისაბონში გვინდოდა გენოციდამდე მივსულიყავით, რადგან ამ პოლიტიკურ-სამართლებრივ დოკუმენტებს დიდი ძალა აქვს. ეუთოში გადაწყვეტილების მიღების წესი კონსენსუსია, თუ ერთი დელეგაცია მაინც წინააღმდეგია, გადაწყვეტილება ვერ მიიღება. ამიტომ, ყველა მექანიზმი უნდა აგვემუშავებინა, რომ რუსეთზე ზეწოლა გაზრდილიყო. საჭირო იყო კოორდინაცია არა მხოლოდ თბილისთან, არამედ ვაშინგტონთან, ბერლინთან, პარიზთან, რომთან, ანკარასთან – ყველა იმ ცენტრთან, რომელიც გადაწყვეტილების მიმღები იყო. ეუთოს ლისაბონის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, დღემდე, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგია, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ საერთაშორისო შეფასებებზე ვსაუბრობთ.
“ლევანზე საუბრისას მუხრუჭი არ ვიცი. თუკი რამეს წარმოვადგენ დიპლომატიაში, ყველაფერი მისგან ვისწავლე: მოლაპარაკების ტექტიკა, ადამიანებთან ურთიერთობა, მენეჯმენტი დიპლომატებთან.”
რუსი დიპლომატები ყოველთვის ხისტი მომლაპარაკებლები იყვნენ. სტამბოლში სწორედ ორ ასეთ რუს დიპლომატთან მოგვიწია ურთიერთობა. ორი ძველი, საბჭოთა სკოლის წარმომადგენელი იყო, „იეს მენები“, რომლებიც არასდროს იღიმოდნენ და როგორც მტერს ისე გიყურებდნენ. მეორე მხარეს კი სრული ანტიპოდი ჰყავდათ – ლევანი. ლევანს შეეძლო, ისე შემოეტრიალებინა მოლაპარაკება, რომ მტერსაც კი სიმპათია გასჩენოდა. მოლაპარაკება ერთგვარ ვაჭრობას ჰგავს, მაქსიმალური პოზიციებიდან იწყებ იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. რაღაც მომენტში მივხვდით, რომ ჩიხში ვიყავით, ლევანის ჩართვა პროცესში აუცილებელი იყო. ასეთი განრისხებული არასდროს მინახავს. თავად წავიდა მოლაპარაკებაზე მიუხედავად იმისა, რომ მისი დონის შეხვედრა არ იყო, ჯერ ექსპერტები ვსაუბრობდით. თავდაპირველად გაოგნებულები უსმენდნენ, მერე 45-წუთიანი პაუზა აიღეს და, საბოლოოდ, მივიღეთ პოლიტიკური დეკლარაცია, სადაც აფხაზეთში გენოციდის დეფინიცია „მასობრივი განადგურება და იძულებით განდევნა“ ოფიციალურად დაფიქსირდა.
სტამბოლის 1999 წლის სამიტი ერთ-ერთი წყალგამყოფი იყო. ამ დროს რუსეთმა საქართველოდან ჯარების გაყვანას მოაწერა ხელი. მართალია, შემდეგ რუსეთის ახალმა ხელმძღვანელობამ გაწელა პროცესი, მაგრამ მაინც მოუწია ამ დოკუმენტით აღებული ვალდებულების შესრულება. ლევანს საოცარი კავშირები ჰქონდა ამერიკასა და დასავლეთში და ზუსტად ამ მხარდაჭერის მატერიალიზაცია მოხდა სტამბოლის სამიტზე. იმ დროს ძალიან ბევრი ჩვენი მაღალჩინოსანი შევარდნაძეს იმაში არწმუნებდა, რომ არ ღირდა რუსეთის გაღიზიანება. მაგრამ ლევანმა ზუსტად იცოდა, როდის ყოფილიყო რბილი და როდის – შეუვალი.
2000-ის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, რომ პანკისში ჩეჩენი ტერორისტი „ბოევიკები“ რეაბილიტაციას გადიოდნენ და ეს მისახედი იყო. ამ მიზეზით პანკისის დაბომბვა დაიწყო. უეცრად, მარტოები დავრჩით რუსეთის წინაშე. ლევანის იდეა იყო, რომ აუცილებელი იყო „საზღვრის სადამკვირვებლო მისიის“ შექმნა ეუთოში, რომელიც შევიდოდა პანკისში, გახდებოდა შემაკავებელი ფაქტორი და ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიდა საერთაშორისო თანამეგობრობას. 22 დეკემბერია, შობა მოდის. ეუთოს 10 იანვრამდე საქმიანობა შეწყვეტილი აქვს, ელჩებიც შვებულებაში არიან. არადა, ასეთ დროს, დღეებს კი არა, საათებს ჰქონდა მნიშვნელობა. მაშინვე ნორვეგიელ დიპლომატს, ელჩ კაი აიდეს დაურეკა სახლში, სასწრაფოდ მუდმივი საბჭოს მოწვევა იყო საჭირო. ელჩი აიდე, რომელიც თავმჯდომარეობდა მუდმივ საბჭოს, მაღალკვალიფიციური დიპლომატი იყო, მძიმეწონიანი. 23-ში ეუთოში მუდმივი კომიტეტის სხდომა მოაწვევინა და „საზღვრის სადამკვირვებლო მისია“ შეიქმნა, რომელმაც მნიშვნელოვანი შემაკავებელი როლი შეასრულა და რუსეთმა თავისი გეგმა ვეღარ განახორციელა.
ლევანზე საუბრისას მუხრუჭი არ ვიცი. თუკი რამეს წარმოვადგენ დიპლომატიაში, ყველაფერი მისგან ვისწავლე: მოლაპარაკების ტექტიკა, ადამიანებთან ურთიერთობა, მენეჯმენტი დიპლომატებთან. ამერიკაში დღესაც მხვდებიან ე.წ. ოპინიონ მეიკერები, თეთრ სახლში, კონგრესში, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, სახელმწიფო დეპარტამენტში, მისი ძველი კოლეგა დიპლომატები, რომლებსაც ლევანი არ ავიწყდებათ. ახლაც, რამდენჯერ გამომიჭერია ჩემი თავი კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც ვფიქრობ – ლევანი როგორ მოიქცეოდა.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ჟენევაში ჩავაკითხე. უკვე ნავთობკომპანიაში მუშაობდა. გულჩათხრობილი მომეჩვენა. პოლიტიკაზე რომ ვკითხე, მითხრა – არ არის ეგ ჩემიო, არადა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ძალიან მძიმედ იყო და პოლიტიკაში გადასვლაც ამიტომ გადაწყვიტა. სჯეროდა, რომ კონსოლიდირებული ფრონტით, იმ დიდი მხარდაჭერით, რაც ევროპისა და ამერიკისგან ჰქონდა, ბევრი რამის შეცვლა შესაძლებელი იყო. ასე დაარსდა 2009 წელს პარტია „თავისუფალი დემოკრატები“. მთელი ეს პოლიტიკური მოძრაობა ჯერ მხოლოდ იწყებოდა, როდესაც რამდენიმე თვეში, ლევანი უკვე აღარ იყო. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკაშიც ბევრი რამის გაკეთება შეეძლო, თუმცა ყველაზე კარგად დიპლომატიაში გრძნობდა თავს და მისი ადგილიც აქ იყო.
არჩილ გეგეშიძე, მეგობარი:
დიპლომატი, ლევან მიქელაძის ფონდის დირექტორი
16 წლის ასაკიდან ვიცნობდით ერთმანეთს, ერთად ვსწავლობდით თსუ-ში.
როდესაც ლევანი საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველი ევროპული დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს, მოადგილედ მიმიწვია, 1992 წელი იყო.
ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი მოდიოდა, საქართველოს სახელით გაეროს ტრიბუნიდან ქვეყნის პირველ პირს სიტყვა უნდა ეთქვა. ბატონ ედუარდს თავისი „სპიჩრაიტერი“ ჰყავდა, თეიმურაზ სტეპანოვი, რომელიც ძალიან კარგად წერდა გამოსვლის ტექსტებს და მე და ლევანს, რამდენიმე სხვა ახალგაზრდასთან ერთად, მასთან ერთად უნდა გვემუშავა. სახელმწიფო მეთაური კმაყოფილი დარჩა მომზადებული სიტყვით და ზუსტად ამან განაპირობა ის, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ შევარდნაძის აპარატში გადაგვიყვანეს, ე.წ. იმელის შენობაში. ახლად შექმნილ ანალიტიკურ ჯგუფს, რომელსაც თედო ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა, სახელმწიფო მეთაურთან უშუალოდ უწევდა მუშაობა.
“როდესაც შევარდნაძე დაგვიძახებდა, ყველას გვისმენდა, ლევანს კი, განსაკუთრებით, ამას სულ ვგრძნობდი. არადა, ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, 32-33 წლის.”
როდესაც შევარდნაძე დაგვიძახებდა, ყველას გვისმენდა, ლევანს კი, განსაკუთრებით, ამას სულ ვგრძნობდი. არადა, ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, 32-33 წლის. როდესაც პირველი პირი უცხოელ პარტნიორთან შესახვედრად ემზადებოდა, შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით ყველაფერი უნდა სცოდნოდა, ისიც კი, რა სავარაუდო თემებზე შეიძლება ჩამოვარდნილიყო საუბარი. ამიტომ ჩვენ, რაც საქართველოსთან პირდაპირ თუ ირიბ ბმაში იყო, იქნებოდა ეს ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობა თუ რეგიონული და გლობალური პრობლემები – ყველანაირ ინფორმაციას ვამუშავებდით და ვაანალიზებდით. საქმე უამრავი იყო და ჯგუფის წევრებს საკითხები დანაწილებული გვქონდა. არადა, მაშინ, წესიერი ინტერნეტიც არ გვქონდა. მახსოვს, ერთხელ „სოროსის ფონდში“ მივედით მიხეილ ჩაჩხუნაშვილთან და ჩვენი განყოფილებისთვის ორი „დაიალაპ“ ხაზის გამოყვანა ვთხოვეთ.
მოგვიანებით, ლევანმა ჯერ ვაშინგტონში საქართველოს ახლად გახსნილ საელჩოში განაგრძო მრჩევლად მუშაობა, მერე კი ეუთოში, აშშ-ში და ჟენევაში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელად მოგვევლინა. მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ დიპლომატიაში, მონაწილეობდა ყველა იმ სახელმწიფო მნიშვნელობის პროცესში, რომელმაც ჩვენი ქვეყნის პროდასავლური სტრატეგია განსაზღვრა. ერთ-ერთი თვალსაჩინო საკითხი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის აშშ-ის დაფინანსებით ე.წ. წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის განხორციელება იყო. ბალტიისპირეთშიც კი, რომელიც უკვე ლამის ნატოს კარზე აკაკუნებდა, არ ყოფილა ამგვარი პროგრამის პრეცედენტი. თან სად ხდებოდა ეს? საქართველოში, სადაც მანამდე, 200 წლის განმავლობაში მხოლოდ რუსული ჩექმა დააბიჯებდა. მეორე ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი თემა იყო ბაქო-სუფსის მილსადენიც, რომლითაც კასპიისპირეთის აზერბაიჯანული სექტორიდან ადრეული ნავთობის ევროპის ბაზრებზე ექსპორტი უნდა განხორციელებულიყო. ეს მილსადენი ყინულმჭრელივით იყო, იმიტომ რომ მას მალევე „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენისა და „შაჰ-დენიზის“ გაზსადენის მშენებლობა მოჰყვა. ეს სამი მილსადენი საფუძვლად დაედო საქართველოზე გამავალი ენერგოდერეფნის შექმნას, რამაც საბოლოო ჯამში საქართველო უცხოელი გადაწყვეტილებების მიმღებთა მენტალურ რუკაზე დააფიქსირა.
ბუნებრივია, რუსეთი ყოველივე ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო. იგი მოითხოვდა, რომ ნავთობის ექსპორტისთვის საბჭოთადროინდელი ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენი გამოყენებულიყო და „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ პროექტი საერთოდ დაგვევიწყებინა. ზუსტად ამ დროს ორი ტერორისტული თავდასხმა მოეწყო შევარდნაძეზე, ცალკე – ალიევზე, რომელმაც პროექტის დაწყება კინაღამ გადაიფიქრა. ბოლოს, თავად აშშ-ის პრეზიდენტი კლინტონი ჩაერია საქმეში. მან ალიევს პირადად დაურეკა და დაარწმუნა საქართველოზე გამავალი ენერგოდერეფნის საჭიროებაში. ამ საქმეს, ერთი მხრივ, დიპლომატიური მხარდაჭერა სჭირდებოდა, მეორე მხრივ კი, უცხოელი ინვესტორები მის აუცილებლობაში უნდა დაგვერწმუნებინა. ეს არ იყო ადვილი საქმე – რეგიონში არეულობა იყო – აქეთა მხრიდან კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, იქიდან – ომი ჩეჩნეთში. ამ ყველაფრის დიპლომატიურ უზრუნველყოფას ლევანი აკეთებდა ეუთოდან, ვენიდან. ამ მნიშვნელოვანი ენერგოდერეფნის დაწყებას უამრავი თათბირი, მიმოწერა, კონფიდენციალური თუ ღია შეხვედრა უძღოდა წინ, რაშიც ლევანი აქტიურად იყო ჩართული.
ლევანის სახელთან კიდევ ერთი ეპოქალური მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტაა დაკავშირებული. ზემოთ საქართველოში რუსული ჩექმის 200-წლიანი ისტორია ვახსენეთ. ლევანის ძალისხმევით, მისი დიპლომატიური უნარ-ჩვევებითა და ორგანიზატორული ნიჭით მოხერხდა ის, რომ 1999 წლის ეუთოს სამიტზე გადაწყდა საბჭოთა კავშირის დროიდან მემკვიდრეობით რგებული სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა. მაშინ ლევანი ეუთოში საქართველოს მისიას ხელმძღვანელობდა და უზარმაზარი მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარა ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის. მას შემდეგ, რუსული სამხედრო ბაზების არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე არალეგიტიმური გახდა და 2006 წლის მიწურულს, საქართველოს ტერიტორიიდან უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი გავიდა.
ლევან მიქელაძის სახელი ყველგან ჭრიდა. ამას კარგად ვგრძნობდი მაშინაც, როდესაც ამერიკაში საქართველოს ელჩად დავინიშნე. ლევანი აშშ-ში ჩემამდე 10 წლის წინ მოღვაწეობდა და კარგი სახელი ჰქონდა დატოვებული. ეს ძალიან მიადვილებდა ახალი ამოცანების გადაწყვეტას. დღეს, როდესაც ლევანის სახელობის ფონდს ვხელმძღვანელობ, განსაკუთრებულად ვგრძნობ მის დანაკლისს და ყველაზე მეტად, ლევანი როგორც მეგობარი ისე დამაკლდა.
მამუკა მიქელაძე, ლევანის ძმა:
ბუნებით თავმდაბალი და მორიდებული ადამიანი იყო, მაგრამ თუკი ამას ქვეყნის ინტერესი მოითხოვდა, უკან არასოდეს იხევდა. შეეძლო, ნებისმიერ დროს, თუნდაც ღამის 3 საათზე, ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკოსთან დაერეკა – საგანგებო ვითარებაა, უნდა ვილაპარაკოთო. მეგობრობაც განსაკუთრებული იცოდა. მისი მრავალრიცხოვანი მეგობრებიდან ნებისმიერისთვის რომ გეკითხათ, გეტყოდათ, რომ სწორედ ის იყო ლევანის უახლოესი მეგობარი. ჩემსა და ლევანს შორის ასაკში განსხვავება ორი წელი იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მთელი ცხოვრება მის მიმართ ძალიან დიდი შინაგანი მორიდება მქონდა.
2006 წელს, მისი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩობა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ არასასურველად მიიჩნია და დიპლომატიური სამსახური შვეიცარიაში განაგრძო. ჩემი აზრით, მისთვის ძალიან რთული იყო საქართველოში არსებულ იმდროინდელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. ბოლო წერტილი იყო 2007 წლის 7 ნოემბერი. იმავე დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრს გადაუგზავნა ოფიციალური წერილი გადადგომის შესახებ. ეს ლევანისთვის, როგორც დიპლომატისთვის, რა თქმა უნდა, ურთულესი ნაბიჯი იყო. 7 ნოემბერს, საღამოს, როცა ტელეფონით ვესაუბრე, მითხრა – ეს ჩემთვის მძიმე, მაგრამ ზნეობრივად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებააო. თავზარდამცემი იყო ჩემთვის მისი უეცარი გარდაცვალება, სრულიად ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე იყო. 2009 წლის 23 აპრილს ოჯახთან ერთად ჩამოვიდა ჟენევიდან, 26 აპრილს კი ამ ქვეყნიდან წავიდა.
ისეთი სითბო დატოვა, რომ მისი დაღუპვა არა მარტო ოჯახურ ტრაგედიად, არამედ მისი დიდი სამეგობროს სამუდამო წუხილად იქცა.
ლალი ჩიკვაიძე, მეუღლე:
ლევანი ძალიან თბილ და მოსიყვარულე ოჯახში გაიზარდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მეცნიერებათა აკადემიაში დაიწყო მუშაობა.
ძალიან აინტერესებდა აღმოსავლური კულტურა, უყვარდა სპარსული პოეზია და უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ინგლისურთან ერთად სპარსულიც ისწავლა. დიდი სიამოვნებით დათანხმდა შეთავაზებას, თარჯიმნად წასულიყო ავღანეთში, სამედიცინო კორპუსში. სამწუხაროდ, ავღანეთში ჩასვლიდან 6 თვეში სამხედრო გადატრიალება მოხდა და იქ დარჩენილი კიდევ 6 თვე, ლევანს საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მოუწია ცხოვრება. თუმცა, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. ეს ქვეყანა ისე ძალიან უყვარდა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავისი სადისერტაციო ნაშრომი ავღანეთის სოფლის მეურნეობას მიუძღვნა.
1983 წელს დავქორწინდით. მალე შეგვეძინა ორი ქალიშვილი: თინათინი და მარიამი. ბედნიერი ოჯახი გვქონდა, განსაკუთრებული მამა და მეუღლე იყო. მუდამ უამრავი მეგობარი იყრიდა ჩვენთან თავს და იმ პერიოდიდან, საოცარი მოგონებები დამრჩა.
1992 წელს ლევანმა მუშაობა გააგრძელა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მალე სახელმწიფო მეთაურის აპარატში გადაიყვანეს მრჩევლად, საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ძალიან რთული პერიოდი. თითქოს უცბად შეიცვალა ცხოვრების რიტმი. დაიწყო დიპლომატიური სამსახური ჯერ ვაშინგტონში, შემდეგ ვენაში, მერე ისევ ვაშინგტონი და ბოლოს ჟენევა. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან საინტერესო წლები, მაგრამ, ამავე დროს, საკმაოდ რთულიც. ხშირად არ იყო ადვილი ახალ გარემოსთან ადაპტირება.
“1983 წელს დავქორწინდით. მალე შეგვეძინა ორი ქალიშვილი: თინათინი და მარიამი. ბედნიერი ოჯახი გვქონდა, განსაკუთრებული მამა და მეუღლე იყო.”
კარგი მოსაუბრე იყო. უყვარდა ადამიანები და ადვილად შედიოდა მათთან კონტაქტში. ეს ნაცნობობა ხშირად ახლო მეგობრობაში გადაჰყავდა.
მისი საქმიანობა დიდი ხნის განმავლობაში დაკავშირებული იყო ქვეყნის საგარეო ურთიერთობებთან, ამიტომ განსაკუთრებულად მძიმედ განიცადა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, საქართველოში რუსეთის ჯარების შემოსვლა. არადა, რამდენიმე წლით ადრე, სწორედ ლევანი იყო აქტიურად ჩართული იმ მოლაპარაკებებში, რომელთა შედეგადაც რუსეთის ჯარები საქართველოდან გაიყვანეს. არ დამავიწყდება მაშინ მისი ბედნიერი სახე, როცა სტამბოლის სამიტიდან დაბრუნდა.
ხშირად მეკითხებოდნენ, თუ რატომ წავიდა ბოლოს პოლიტიკაში. ეს პროცესი ძალიან ნელა დაიწყო, ჯერ კიდევ 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მიაჩნდა, რომ 7 ნოემბერს მომხდარი ძალადობა მის ფასეულობებთან შეუთავსებელი იყო. ამის შემდეგ, რამდენიმე თვეში მუშაობა დაიწყო ნავთობკომპანიაში, საგარეო ურთიერთობის მიმართულებით. მაშინ, ჯერ ისევ ჟენევაში ვცხოვრობდით. 2008 წელს კი პირველი შვილიშვილი შეგვეძინა, ეს უდიდესი სიხარული იყო!
2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთის ჯარები გორამდე შემოვიდნენ, ლევანმა ვეღარ მოისვენა. თითქოს წყალში ჩაიყარა ყველაფერი, რაც მანამდე ჰქონდა გაკეთებული. სწორედ მაშინ დაიწყო ურთულესი პერიოდი – პოლიტიკა.
ბევრი საინტერესო გეგმა და ჩანაფიქრი ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, მათი განხორციელება არ დასცალდა. 2009 წლის 26 აპრილს ლევანი მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი წასვლა ჩვენი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის მოუშუშებელი ტკივილია. ასევე მიმაჩნია, რომ უდიდესი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის. დასანანია, რომ ჩვენს შვილიშვილებს, ნიკოს და ნინოს, ბაბუ არ ემახსოვრებათ.
მიუხედავად დიდი ტკივილისა, ბედნიერი ვარ, რომ 27 წელი ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანისა და მეგობრის გვერდით გავატარე.